X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში თერჯოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

3 აგვისტო 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის 63-ვე მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ქალაქ თერჯოლის ცენტრალური უბნის (რუსთაველის ქუჩა) ურბანული განახლება.

პროექტი მოიცავს 5 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას. ცენტრალური უბნის, კერძოდ კი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების განახლებას. პროექტის ფარგლებში, შენობების კარ-ფანჯარა იცვლება ახალი იზოპროფილის ვიტრაჟებით, ფასადებზე თბოსაიზოლაციის გამოყენებით, ძლიერდება მათი ენერგოეფექტურობა, წესრიგდება საფეხმავლო ზოლი და  ეწყობა მიმდებარე სკვერები და პარკები, სადაც განახლდება ბავშვთა გასართობი სივრცეები.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

,,ნამდვილი განახლება მოხდა აღნიშნული უბნის, სადაც შენობებთან ერთად მოეწყო რეკრეაციული სივრცეები, ასევე, გაკეთდება ახალი საბავშვო გასართობი სივრცე, მიმდინარეობს სპორტული მოედნის და მიმდებარე სკვერის მოწყობა. მთლიანობაში  პირველი და მეორე ფაზის სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტში სექტემბერში დასრულდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ რუფოთსა და ქვედა სიმონეთში დასრულდა  საჯარო სკოლების და  შენობების სრული რეაბილიტაცია, წყალ-კანალიზაციის და სახანძრო სისტემის აღდგენა-განახლება, არსებული ფართების გადაგეგმარება შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით. სკოლების რეაბილიტაციის შედეგად შესაძლებელი იქნება სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში მინიმუმ 200  მოსწავლის,  ხოლო ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლაში - 250 მოსწავლის მიღება.

,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები,  განახლდება ცენტრალური ქუჩები, და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.